Wednesday, March 20, 2013

ოთარ ჭილაძე ("...ვერ მივაჭედე სულს სახელური, რომ გამოაღოს ყველამ კარივით...")




რაც დასახარჯი არსებობს – ვხარჯავ,
რაც სანახავი არსებობს- ვნახე.
და სანამ ქარი მისინჯავს მაჯას,
მიშვერილი მაქვს წვიმისთვის სახე.

ვერ დავარბიე ჩემში ველური,
კანდაშაშრული მზით და მარილით,
ვერ მივაჭედე სულს სახელური,
რომ გამოაღოს ყველამ კარივით.

ყველა ზეიმზე დავიგვიანე,
ყველაზე ადრე მოსულმა დღემდე.
არც მდიდარი ვარ და არც ჭკვიანი,
მაინც ვერავინ ვერ ცხოვრობს ჩემდენს.

მე ყველა სიტყვის წარმოთქმა მტანჯავს,
თვალს ყოველ დილით ტკივილით ვახელ
და სანამ ქარი მისინჯავს მაჯას,
მიშვერილი მაქვს წვიმისთვის სახე.
1968


/ყველა ტკივილი იძინებს ბოლოს/

ყველა ტკივილი იძინებს ბოლოს, 
მაგრამ მე მაინც მინდოდა მეთქვა, 
რომ დღემდე შენით ვცხოვრობდი მხოლოდ, 
შენ იყავ სუნთქვაც და გულის ფეთქვაც. 

გადიან წლები და ფიქრით დაღლილს 
გადაუხდელი მრჩება ვალები 
და მეკარგება მშობლების სახლი: 
აუტანელი და საყვარელი. 


მე არ ვკითხულობ, რად მოხდა ასე,
ან რად შემჯავრდა, რაც ადრე ვწერე,

ან რად დავკარგე შენს თვალში ფასი

ამდენი ცდის და წვალების მერე.






ალბათ ასეა ცხოვრების წესი,

მკაცრი სიმართლით პირამდე სავსე,

და ამ სიმართლით ივსება ლექსიც,

რომ ხვალ მეხივით დამატყდეს თავზე.




მაგრამ ჯერ უნდა მოვიდეს თოვლი 
და გადმოფინოს თეთრი აფრები 
და შენი ნაზი სხეულის თრთოლვით 
ათრთოლდეს თოვლიც და ყველაფერი. 






მე ვაღებ სარკმელს და ჭადრებს ვითვლი, 

ჭადრებს გაქცევა შეეძლოთ თითქოს. 

და კვლავ მზადა ვარ უარეს დღისთვის, 

თუმცა უკეთეს დღეებზე ვფიქრობ. 

1961 

Wednesday, November 21, 2012

თქორი

 "...მეც მიყვარს ალბათ. მე რომ ეგრე ვარ . . . ხო რა ეგრე ვარ, ეგრე . . . მრავალწერტილივით ვარ – უტყვი და თან ბევრის მთქმელი... უბრალოდ, დანახვა უნდა ყველაფერს ცხოვრებაში. იმ მრავალწერტილში უნდა ამოიკითხო სწორი აზრი. რა მნიშვნელობითაც ის ადრესანტმა დატვირთვა ის მნიშვნელობა უნდა ამოიკითხო. უნდა იყო კარგი გამგონი კარგი მთქმელის. აი ესაა ჰარმონიული ურთიერთობის გასაღები ამ ცხოვრებაში. მაგრამ . . . ხშირად ადამიანები დავიარებით დაბრმავებულები. დაბინდული გვაქვს თვალები – გული. გონება კი დაბანგული . . . ბედნიერებას იქ ვეძებთ სადაც ის არც ყოფილა როდისმე და არც იქნება არასდროს . . . ვინ რაში ხედავს ბედნიერებას ეგაა ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ფაქტორი ცხოვრებაში – ურთიერთობაში . . ."  (დ.კ.)



Thursday, April 19, 2012

"თუ გაამზევებ..."

"...კრებულს კიდე იმიტომ არ დავბეჭდავ, რომ არ მაქვს პრეტენზია პოეტობის. პოეტი ცოტა ვიცი მე. თუ ხარ, უნდა იყო, თუ არა და შენს მეგობრებს უნდა წააკითხო, რადგანაც შენი ფიქრებია და მარტო იმათთვის თუ გაამზევებ, გეყოფა... მე ასე ვარ" (კესარია). 

Wednesday, April 18, 2012

დღევანდელი დღე გვეკარგება

"აი, ყველაზე სახიფათო მახე, რომელსაც განგება გვიგებს, რადგან სიჩქარეში დღევანდელი დღე გვეკარგება, გვიქრება, როგორც თითებს შორის სილა".  /ო. ჭილაძე/

ოთარ ჭილაძე ("...ვერ მივაჭედე სულს სახელური, რომ გამოაღოს ყველამ კარივით...")

რაც დასახარჯი არსებობს – ვხარჯავ,
რაც სანახავი არსებობს- ვნახე.
და სანამ ქარი მისინჯავს მაჯას,
მიშვერილი მაქვს წვიმისთვის სახე.

ვერ დავარბიე ჩემში ველური,
კანდაშაშრული მზით და მარილით,
ვერ მივაჭედე სულს სახელური,
რომ გამოაღოს ყველამ კარივით.

ყველა ზეიმზე დავიგვიანე,
ყველაზე ადრე მოსულმა დღემდე.
არც მდიდარი ვარ და არც ჭკვიანი,
მაინც ვერავინ ვერ ცხოვრობს ჩემდენს.

მე ყველა სიტყვის წარმოთქმა მტანჯავს,
თვალს ყოველ დილით ტკივილით ვახელ
და სანამ ქარი მისინჯავს მაჯას,
მიშვერილი მაქვს წვიმისთვის სახე.
1968


/ყველა ტკივილი იძინებს ბოლოს/


ყველა ტკივილი იძინებს ბოლოს, 
მაგრამ მე მაინც მინდოდა მეთქვა, 
რომ დღემდე შენით ვცხოვრობდი მხოლოდ, 
შენ იყავ სუნთქვაც და გულის ფეთქვაც. 

გადიან წლები და ფიქრით დაღლილს 
გადაუხდელი მრჩება ვალები 
და მეკარგება მშობლების სახლი: 
აუტანელი და საყვარელი. 

მე არ ვკითხულობ, რად მოხდა ასე,
ან რად შემჯავრდა, რაც ადრე ვწერე,
ან რად დავკარგე შენს თვალში ფასი
ამდენი ცდის და წვალების მერე.

ალბათ ასეა ცხოვრების წესი,
მკაცრი სიმართლით პირამდე სავსე,
და ამ სიმართლით ივსება ლექსიც,
რომ ხვალ მეხივით დამატყდეს თავზე.


მაგრამ ჯერ უნდა მოვიდეს თოვლი 
და გადმოფინოს თეთრი აფრები 
და შენი ნაზი სხეულის თრთოლვით 
ათრთოლდეს თოვლიც და ყველაფერი. 

მე ვაღებ სარკმელს და ჭადრებს ვითვლი, 
ჭადრებს გაქცევა შეეძლოთ თითქოს. 
და კვლავ მზადა ვარ უარეს დღისთვის, 
თუმცა უკეთეს დღეებზე ვფიქრობ. 

1961 

Monday, April 16, 2012

გურამ დოჩანაშვილი: უდიდესი დანაკარგი



     ოთარ ჭილაძის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია ქართული ლიტერატურისათვის. ის იყო პროფესიონალზმის განსახიერება, შესანიშნავი პოეტი, მთარგმნელი, რომანისტი.  ჩემში ყველაზე დიდი აღფრთოვანება გამოიწვია მისმა რომანმა "გზაზე ერთი კაცი მიდიოდა".
მახსოვს ის წლები, როცა ჟურნალ `მნათობში~ ერთად მუშაობდნენ ოთარ ჭილაძე, არჩილ სულაკაური და ედიშერ ყიფიანი, მათ ძალიან ახარებდათ ახალგაზრდა მწერლების გამოჩენა და მუდამ მხარს უჭერდნენ ნიჭით გამორჩეულ ახალგაზრდებს. ახალგაზრდების წახალისებასა  და  მხარდაჭერაში ისინი ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს. ოთარ ჭილაძე განსაკუთრებული გულისხმიერებით, კეთილშობილებით და კეთილმოს ურნ ეობ ით  გ ა მოირჩ ეოდა .   მ ი ს ი შემოქმედება ყოველთვის დარჩება ქართული ლიტერატურის საგანძურში. 

2009წ.

ოთარ ჭილაძეზე სხვა ქართველ მოღვაწეთა მოგონებები იხ. "ლიტერატურულ საქართველოში"



Sunday, April 15, 2012

ვშორდებით ყოველ წუთას ვშორდებით…

ვშორდებით ყოველ წუთას ვშორდებით… 
და აკრძალული სევდის ტოტებით
 ერთმანეთს ვუმტვრევთ სულის დარაბებს. 
თუმცა, არ შერჩა აზრი არაფერს.
 არც ერთგულებას და არც მოლოდინს,
 რადგან გმირებად დავრჩით ბოლომდის და
 ვერც შევიტყვეთ რომ გვექცა მხარი.
 რომ სული ვგვემეთ და არა ლეში 
და ის სიწმინდე ჩავკალით ჩვენში 
რითაც მდიდარი იყო და არის… ადამიანი…

20 მარტს ოთარ ჭილაძეს 79 წელი შეუსრულდებოდა 20/03/2012


საქართველო იყო მისი ინსტინქტი (ბესიკ ხარანაული)
სულ საქართველო ჰქონდა გულში: ახალგაზრდობაში  ახალგაზრდას, ცნობილობაში ცნობილს და გამოჩენილობაში  გამოჩენილს. სულ კრიჭაში ედგა საქართველოს მტრებს, ვერაფრით უგებდნენ გულს: აკი სამართებელივით პროფილი ჰქონდა! სინამდვილემ არათუ ვერ გატეხა, ოდნავადაც ვერ მოიშინაურა.
მახსოვს, დაბადების 75 წლისთავი რომ მივულოცე, მხიარულად ვკითხე:  ოთარ, ხომ კარგი ასაკია შემოქმედებისთვის ჩვენი ასაკი? ოთარი ხალისიანად დამეთანხმა...
“ქართულმა მწერლობამ დიდი დანაკლისი განიცადა”  იტყვიან ხოლმე, როცა ამქვეყნიდან მიდის ოთარის დარი დიდი ადამიანი. სწორედაც იტყვიან. მაგრამ მე, ამასთან ერთად, ახლობელი, საყვარელი ადამიანი დავკარგე და ვკითხულობ:  ნუთუ?


ოთარ ჭილაძეზე სხვა ქართველ მოღვაწეთა მოგონებები იხ. "ლიტერატურულ საქართველოში"


Saturday, April 14, 2012

მე მინდა, შენს ლანდს ეს ლექსი ვუთხრა


მე მინდა, შენს ლანდს ეს ლექსი ვუთხრა, 
უბრალოდ ვუთხრა, როგორც სუფრაზე 
ყველას გვაქვს ჩვენი პატარა კუთხე, 
სადაც ჩვენვე ვართ ჩვენი უფროსი. 


ეცემა თოვლი - თეთრი ფრინველი, 
ეცემა, მაგრამ რა იცის თოვლმა?.. 
ან რას გაიგებ, რომ დღეს პირველად 
არ შემიძლია მე შენი პოვნა. 


ეს თოვლი მარტო თოვლი არ არის, 
ეს ქარიც მარტო ქარი არ არის. 
ისინი სადღაც შიგნით მალავენ 
მას, რაც არ იყო დასამალავი. 


მე თოვლში ვიგრძენ შენი სიცივე, 
მე ქარში შენი თმებით დავები, 
შენი დუმილით, შენი სიციცლით, 
შენი ფერმკრთალი მუხლისთავებით. 


ეცემა თოვლი და ყველაფერი 
თოვლში მიცურავს ზღაპრად ქცეული. 
ვერ გამიჩუმებ სურვილს ზღაპრებით, 
მე მინდა შენი სული... სხეული.... 


და დღე, რომელიც უშენოდ მოვა 
მხოლოდ გარედან იქნება მშვიდი. 
ეცემა თოვლი... რა იცის თოვლმა, 
რა იცის ჩიტმა - მიფრინავს ჩიტი... 


მე მიხარია, რომ არ იციან, 
რომ მეც არ ვიცი, ხვალ სად ვიქნები. 
და ისევ მიყვარს დიდი სიცილი, 
დიდი სინათლე, დიდი ჭიქები. 


ეცემა თოვლი, როგორც ცხოვრება 
თოვლივით ჩუმი და შემპარავი. 
მე კი ყოველთვის მემხსოვრება, 
რაც ახლა მინდა, მაგრამ არ არის. 


ეცემა თოვლი და დროს ბარდება 
ლამაზი, მაგრამ უკვე ყოფილი, 
როგორც შემკრთალი ჩვენი ლანდები 
სადღაც სივრცეში გადაჭდობილი.

მზემ აფხაზივით გადაიარა უღელტეხილი


მზემ აფხაზივით გადაიარა უღელტეხილი
და შეეფარა აჭანდრის ჭადრებს.
რა კარგი იყო, სად იყავი, ნეტავ გეხილა -
მეც არ მინახავს მსგავსი რამ ადრე.

ლურჯი მთებისკენ წასულ წეროებს
მისდევდა თვალი...
მერე მზემ მკერდი შეახია ჭადრის წვეროებს
და, გასისხლულმა, ზღვის ტალღებში დაიხრჩო თავი.

ვიდრე ხარ... ვიდრე გათოვს და გაწვიმს


ვიდრე ხარ... ვიდრე გათოვს და გაწვიმს,
არ წარიკვეთო არასდროს სასო, 
ხან ოცდაათი ვერცხლი ღირს კაცი,
ხან ოცდაათი _ ერთ ვერცხლად ფასობს.


მაგრამ იმედი, ეს უფლის ჩიტი,
კვლავ ისეთია, როგორიც იყო,
კვლავ ჭრელი კაბა აცვია ჩითის
და თხილისხელა გულს ყველას გვიყოფს.


არ ჩაიქნიო არასდროს ხელი,
ვიდრე ხარ... ვიდრე ხედავ და გესმის...
ძველს ცვლის ახალი, ახალს კი _ძველი
და ქვის მსროლელი ყვავილსაც გესვრის.


ხან ბროლის კოშკზე შემოგსვამს ბედი,
ხან გაბზრიალებს, ვით შოლტი ჩიკორს,
მაგრამ ღიმილი და ცრემლის წვეთი
კვლავ იგივეა, რაც ადრე იყო.

შენა ხარ ჩემი ჯილდოც, სასჯელიც


***
შენა ხარ ჩემი ჯილდოც, სასჯელიც.
გულზე ახლოს ხარ და ღმერთზე ზემოთ,
ჩემო ტანჯულო, ჩემო მტანჯველო,
დაულეველო სამშობლოვ ჩემო.

შენთან ვარ, მაგრამ მაინც დაგეძებ,
როგორც დაეძებს საჭმელს მშიერი,
და ამ პატარა მიწის ნაგლეჯზე 
შემაძრწუნებლად ვარ ბედნიერი.

კიდევ ერთი გაზაფხული


კიდევ ერთი გაზაფხული 
იგვიანებდა შენი წერილი: 
გაბასრებული ქარში ქიმივით, 
ჩიტივით სუსტი და მოწყენილი, 
ვით გაწბილებულ ბავშვის ღიმილი. 
ის კი უცდიდა და დაიცდიდა, 
სანამ საერთოდ შეძლებდა ლოდინს, 
და მოლოდინის შავი მიწიდან 
ზურგს ამოჰყოფდა სინათლის ლოდი. 
ხოლო წერილი: ცრემლით მდიდარი 
და მგრძნობიარე, როგორც კიდური,- 
ეჩვენებოდა სხვის მაგიდაზე, 
სხვისი სათვალის ქვეშ გარინდული. 
რადგან იცოდა, რომ ერთიანად 
ვერ გაიგებდნენ შენს ნათქვამს სხვები. 
და აღტაცების ცხელი ჰაერი 
ეტმასნებოდა მოირას ვნებით. 
და სული ხდება გადასარჩენი. 
აუტანელი ხდება ლოდინი. 
აუტანელი ხდება ლოგინიც, 
როგორც საერთოდ ყველა სასჯელი. 
იგვიანებდა შინი წერილი! 
ან იქნებ ღარუბლად იქცა დაღლილი, 
ან შეუერთდა ლაჟვარდს ფერივით, 
ანდა სამყაროს შერჩა დაღივით. 
ეს ის დრო იყო, როცა ურჩხულებს 
ჰგავდნენ კედლებზე წვიმის ლაქები, 
როცა დამცხრალი ქარის ჩურჩული 
ხდება მარტივი და გასაგები, 
როცა ქვეყანა შენს თვალწინ შრება 
და ისევ ცაში ადის ნალექი, 
როცა სეულში იღვიძებს ვნევბა 
და ემუქრება სხეულს წალეკვით. 
ხოლო დარბეულ ნადირთა ხმებით 
ეთიშებიან წყვდიადს ბავშვები 
და ყველაფერზე გული რომ გწყდება 
რითაც ცხოვრობდი და ვერ ამჩნევდი.


კიდევ ერთი გაზაფხული 
სანამ ფურხელზე გაშრა მელანი 
და გადირბინა თვალმა ბწკარები- 
მზე უკვე იდგა ყველა კარებთან, 
მზეში ცხოვრობდნენ უკვე ყველანი. 
ყველგან ზეიმის სული სუფევდა 
და ეცვლებოდა ქალაქს იერი, 
რადგან იპყრობდა თავისუფლება 
მთელი სიცხადით და სიძლიერით. 
და გაზაფხული მშიერ მგელივით 
დასდევდა მოკვდავს, ისედაც დაღლილს 
სისხლს ვერ იტევდა და გაბერილი 
მწარედ ღმუოდა სხეულში ძარღვი. 
უბრალო იყო ხალხი ბუნებით: 
ისევ სჯეროდათ ძალა ამურის, 
ისევ რჩებოდა მათთვის ცდუნებბად 
თასიც, გვირგვინიც და სალამურიც. 
და უხაროდა, რომ არსებობდა, 
სიმძიმეს გრძნობდა საკუთარ ხელის, 
და დასცქეროდა მიწას ზემოდან, 
როგორც ღმერთისგან მიღებულ წერილს. 
სარკმლის მინაზე თვლემდა ფუტკარი, 
ფუტკარში-ზევსის გამზრდელი ძალა 
და ყველას სწამდა, რომ საკუთარი 
გაგრძელდებოდა სიცოცხლე მარად. 
ვერ ეტეოდა ცხოვრება დროში. 
ფეხს უჩქარებდა ხალხს ჟრუანტელი. 
შენ კი იდექი უსახო ბრბოში, 
როგორც სარდაფში მკრთალი სანთელი. 
პირქუში იყო შენი ოთახი. 
ყეფით იკლებფდა ღამეს კებერი, 
და მხოლოდ ძილში, ისიც ცოტა ხნით, 
გევლინებოდა შენი მძებნელი. 
შემოდიოდა შენი მნაწილი, 
მზით გალახული და ფერშეცვლილი. 
ხელი ბრმასავით ჰქონდა გაწვდილი 
და პეშვში ცრემლი ენთო ცეცხლივით. 
ის შენთან ერთი წამით რჩებოდა, 
არც პური სურდა, არც სასთუმალი. 
და შენც ამაოდ ევედრებოდი 
ხმის ამოღებას.... 
დუმდა სტუმარი. 
და იდგა, როგორც დავიწყებული, 
დაშინებული თუ დაბნეული. 
ყელზე სინათლე ჰქონდა შებმული 
და მას ეჭირა მისი სხეული. 


 კიდევ ერთი გაზაფხული
მას გაეღვიძა. მოსწყინდა ძილში 
და გაეღვიძა. ბნელოდა გარეთ. 
და თითქოს ამას უცდიდა მთვარეც, 
გარინდებული კედლების ჩრდილში. 
ის წყალს პირდაპირ დოქიდან სვამდა, 
უცახცახებდა მთელი სხეული. 
გაცრეცილიყო წყვდიადის ფარდა 
და კალთა ჰქონდა ჩამოხეული. 
რიჟრაჟის სუნთქვას და მამლის დეზებს 
გაესხნათ სივრცე, როგორც სამარხი, 
და კვლავ ჩონჩხივით ესვენა ფსკერზე 
მცენარე რწმენის და სიამაყის. 
სხვისთვის უჩინარ ცაში ნაფრენი 
და დაკაწრული ციური ქვებით, 
დარწმუნდა ისიც, რომ ყველაფერი 
ხდებოდა მხოლოდ ბუნების ნებით. 
და ბედს რამდენიც უნდა ეომოს, 
ვერ გაბედავენ მისი ხელები, 
რომ ერთს წაართვან, რათა მეორეს 
გადასცენ ტოტი ბედნიერების. 
დარწმუნდა ისიც რომ მისი სევდა 
ნაწილი იყო საერთო სევდის. 
საერთო სევდის ფურცლებში ხვევდა 
მის არსებასაც ღმერთი თუ ბედი.... 
და თენდებოდა. 
ჩქამად და ჩრდილად 
ნაწილდებოდა ღამის სიკვდილი, 
და საწოლებში წვებოდა დილა, 
სატრფოსთან მოსულ ქალის სიფრთხილით. 

წვიმაც ასეა: მტვრიან ტოტებზე


* * *
წვიმაც ასეა: მტვრიან ტოტებზე
მაშინ გადირბენს, როცა არ ელი,
და მერე დაგაქვს, როგორც მოტივი,
აჩემებული და საყვარელი.
მაგრამ შენ უკვე ტყუილად ბორგავ,
დამთავრდა ვნება-დარჩა ამბავი....
და სველ აფიშას კითხულობა ქოლგა
და თავისი გზით მიქრის ტრამვაი

ვწევარ და ვუსმენ. ქარია გარეთ


*** 
ვწევარ და ვუსმენ. ქარია გარეთ. 
მე ბნელ ოთახში ვწევარ და ვუსმენ: 
გრძელ თმებში ტოტებგაჩრილი ქარი 
კედლებზე როგორ აჭედებს ლურსმნებს. 
სად გაქრა შენი ფერმკრთალი სახე, 
სუნთქვა სიჩუმის და ფოთოლცვენის, 
ან ის სიზმრები, ერთად რომ ვნახეთ, 
აუხდენელი სიზმრები ჩვენი. 
ახლა მჭირდები.... შენ არც კი იცი, 
შენ ვერც იფიქრებ, როგორ მჭირდები.... 
შეეძლო მარტო შენს ბავშვურ სიცილს 
გაევსო სახლი მზით და ჩიტებით. 
სად გაქრი.... საით გაჰყევი ქუჩებს.... 
სად დაგავიწყდი... სად ვიყავ მაშინ.... 
ან იქნებ ვინმეს მოუნდა უცებ, 
ჩემი ყვირილი გაიგოს ქარში. 
საბრალო სული! დე, იყოს ასე! 
მე არ მრცხვენია ვნებები ჩემი, 
მე ყოველ ღამეს-შენი ხმით სავსეს- 
ვხვდები ცხცახით და გულისცემით. 
მაგრამ შენ სად ხარ... ქარია გარეთ, 
ისევ ქარია და ისევ ვიუსმენ: 
გრძელ თმებში ტოტებგაჩრილი ქარი 
კედლებზე როგორ აჭედებს ლურსმნებს. 

ხეებს ფოთლები დასცვივდა ისევ


*** 
ხეებს ფოთლები დასცვივდა ისევ- 
სიბერის შუქით განაზებული- 
და ტოტებს შორის გამოჩნდა სივრცე, 
აქმდე თითქოს არ არსებული. 
მერე კი მთებზე მოთოვა ოდნავ 
და დღე ბრმასავით დაიბნა ქარში.... 
შენც ფრთები უკვე გაშლილი გქონდა 
და ვერ მივმხვდარვარ-რატომღა დარჩი. 

შარშანაც ასე დაიწყო ზუსტად


*** 
შარშანაც ასე დაიწყო ზუსტად: 
უცებ გადაწყდა ფოთლების საქმე 
და მხოლოდ ერთი, ყველაზე სუსტი, 
ხელისგულივით აწვება სარკმელს. 
მოცოცავს ლურჯი ასფალტის ხავსი. 
შიშვლდსება ქუჩა და სახეს კარგავს, 
და გაქვავებულ მდინარის მსგავსად, 
ყველაზე უფრო თავის თავს არ ჰგავს.
გაქვავებული მდინარის მსგავსი, 
სილის ქვეყანას ვეღარ მიათრევს 
და ლაქებივით არტყია ტანზე, 
რაც მორჩენიათ სახლებს სინათლე. 

შაურიანი წვიმა




ახლა, ღრუბლებიდან არ ცრის,
მაგრამ შეწყვეტილი წვიმა
წუხელ გალუმპული ცაცხვის
სველი შტოებიდან ცვივა...
წამლის წვეთებივით ჩემში
კირავს, აკოწიწებს ბზარებს,
წვეთებს გავუწოდე პეშვი,
როგორც წუთისოფლის მგზავრებს.
წარბის შეუხრელად, წყნარად
ვდგავარ გაშვერილი ხელით,
სველი შტოებიდან წამლად
წვეთის ჩამოვარდნას ველი.
ხეზე მოდარაჯე ელდა
უცებ ააფეთქებს კვირტებს,
ვიღაც მოქალაქე დგება,
ხელში შაურიანს მიდებს.
თითქოს გადმომასხეს წყალი,
თვალი გავახილე მაშინ...
ასე იაფია წამით
თავის დავიწყება ხალხში?

ძველი რექვიემი




ძველი რექვიემი კვნესის
ნიშნად თაობათა შეცვლის.
ზარით იუწყება სკოლა განა გაკვეთილზე შესვლას,
მოდი, სჭირდებაო მოვლა ყოფილ მასწავლებელს შენსას.
ძველი რექვიემი კვნესის,
ნიშნად თაობათა შეცვლის.
ზარს ხმა უმძლავრდება უფრო, როცა აიტაცებს მაღლა
ყვითელ ფოთოლივით კუბოს, ყოფილ მოწაფეთა ტალღა.
ძველი რექვიემი კვნესის,
ნიშნად თაობათა შეცვლის.
და მეც მეუფლება ღელვა, უტყვი სინანული მკაწრავს,
ერთად დავუბივართ ყველა სიმწრის უჩინმაჩინ ბაწარს.
ძველი რექვიემი კვნესის
ნიშნად თაობათა შეცვლის.
და ღრმად გაჭრილია, ალბათ, მწვანე დედამიწის ბურთი,
სადაც ვიძირებით სწრაფად, როგორც ჟამთასვლაში წუთი.
ძველი რექვიემი კვნესის,
ნიშნად თაობათა შეცვლის.
ამ გზით წამიღებენ ასე, მაგრამ მასწავლებელს ჩემსას
მაქვს საწყაული სავსე, ხსოვნას უკვდავებად შესვამს.
მე რას გავიყოლებ საგზლად, გარდა შაურიან ლექსის.
ჩვენი ბედისწერის მსგავსად ძველი რექვიემი კვნესის.
მიდის პროცესია დინჯად, კუბოს მორიდებით მივდევ.
ვნატრობ: მოწყურებულ ბიჭად სკოლას მოვევლინო კიდევ.
ძველი რექვიემი კვნესის,
ნიშნად თაობათა შეცვლის.
სხვა გზას დავადგები, სულ სხვას, დღეის სიმძიმილით სავსე.
ჩემგან განსწავლულთა ნუსხას რკინით ამოკვეთენ ქვაზე.
ხმა, შორს დარეკილი ზარის, თითქოს ცხედარისგან მესმის:
- ასმაგ ურთულესი არის - ქვაზე ამოკვეთა ლექსის.
ძველი რექვიემი კვნესის
ნიშნად თაობათა შეცვლის.
რაღაც საოცარი განცდა ცივი გარემოცვით მგესლავს,
თითქოს მასწავლებლის ნაცვლად ყრმობას მივასვენებ ჩემსას.
ძველი რექვიემი კვნესის,
ნიშნად თაობათა შეცვლის.
მე ვინც უძველესი ქვეყნის წრფელად შემაყვარა მიწა,
წევს და სიკვდილითაც ჩემთვის ერთგულ მასწავლებლად იქცა.
ძველი რექვიემი კვნესის,
ნიშნად თაობათა შეცვლის.
და მეც ვუერთდები ყველას, მწარე სინანული მკაწრავს,
მთელი პროცესია თელავს ჩემი სიგარეტის ნამწვავს.
ძველი რექვიემი კვნესის,
ნიშნად თაობათა შეცვლის.

ვეფხის ბალადა




შეიშმუშნა ზღვის ნაპირის უდაბური მხარე;
ლერწმებიდან ნადირივით გამოვარდა მთვარე.
ჩამუქებულ შამბნარებში გაიღვიძა მხეცმა,
გაიღვიძა და თვალებში თითქოს ცეცხლი ეცა.
დაიქუხა, დაიჭექა, გაიელვა ჭრელად,
ზე ასწია თათი ვეფხმა მთვარის დასაჭერად.
სისხლისფერი მნათი მშვიდად როცა დაჯდა მთაზე,
ახტა ვეფხი, გაეკიდა მრისხანებით სავსე.
მთვარემ ისევ გადინაცვლა, სხვა მწვერვალზე დაჯდა,
ვეფხიც განა დაიქანცა, მთაგრეხილთან გაჩნდა.
ბედუინთა ცხელი მხარე უკან დარჩა მდევარს,
არ დაეძებს არც ცხვრის ფარებს, არც ცხენების რემას.
ხრამებს, ჩქერებს გადალახავს, მთვარეს შორით უცქერს,
შვლების ჯოგებს სადაც ნახავს, გვერდს შორიდან უქცევს.
მთელი ღამე ასე სდია მოელვარე მთვარეს,
და წააწყდა მთების ძირას სიზმრად ნახულ მხარეს.
რას შეხედა... ვეფხი შედგა, დაატყვევა მიწამ,
დაავიწყდა, მაღალ მთებთან რისთვის გამოიქცა.
შედგა, თითქოს ქანდაკებად გააქვავა მეხმა,
ხელმეორედ დაბადება თუ ინატრა ვეფხმა!
გადახედა ვერხვნარს, ბაღნარს, იალაღებს, არაგვს,
შედგა ვეფხი, არა, სხვაგან წასასვლელი არ აქვს.
დიდხანს იდგა, სანამ დილით არ ახალეს ტყვია,
ძირს დაეცა და სიკვდილი არც კი შეუტყვია.
გაწვა ვეფხი ტიალ გზაზე, მიწას უწყო ლოკვა;
საქართველოს სილამაზემ ასე ბევრი მოკლა.