Saturday, April 14, 2012

მე მინდა, შენს ლანდს ეს ლექსი ვუთხრა


მე მინდა, შენს ლანდს ეს ლექსი ვუთხრა, 
უბრალოდ ვუთხრა, როგორც სუფრაზე 
ყველას გვაქვს ჩვენი პატარა კუთხე, 
სადაც ჩვენვე ვართ ჩვენი უფროსი. 


ეცემა თოვლი - თეთრი ფრინველი, 
ეცემა, მაგრამ რა იცის თოვლმა?.. 
ან რას გაიგებ, რომ დღეს პირველად 
არ შემიძლია მე შენი პოვნა. 


ეს თოვლი მარტო თოვლი არ არის, 
ეს ქარიც მარტო ქარი არ არის. 
ისინი სადღაც შიგნით მალავენ 
მას, რაც არ იყო დასამალავი. 


მე თოვლში ვიგრძენ შენი სიცივე, 
მე ქარში შენი თმებით დავები, 
შენი დუმილით, შენი სიციცლით, 
შენი ფერმკრთალი მუხლისთავებით. 


ეცემა თოვლი და ყველაფერი 
თოვლში მიცურავს ზღაპრად ქცეული. 
ვერ გამიჩუმებ სურვილს ზღაპრებით, 
მე მინდა შენი სული... სხეული.... 


და დღე, რომელიც უშენოდ მოვა 
მხოლოდ გარედან იქნება მშვიდი. 
ეცემა თოვლი... რა იცის თოვლმა, 
რა იცის ჩიტმა - მიფრინავს ჩიტი... 


მე მიხარია, რომ არ იციან, 
რომ მეც არ ვიცი, ხვალ სად ვიქნები. 
და ისევ მიყვარს დიდი სიცილი, 
დიდი სინათლე, დიდი ჭიქები. 


ეცემა თოვლი, როგორც ცხოვრება 
თოვლივით ჩუმი და შემპარავი. 
მე კი ყოველთვის მემხსოვრება, 
რაც ახლა მინდა, მაგრამ არ არის. 


ეცემა თოვლი და დროს ბარდება 
ლამაზი, მაგრამ უკვე ყოფილი, 
როგორც შემკრთალი ჩვენი ლანდები 
სადღაც სივრცეში გადაჭდობილი.

No comments:

Post a Comment