ო. ჭილაძის ლექსები


მეფეებივით ფიქრობენ მთები

მეფეებივით ფიქრობენ მთები...
ღამე კოცონთნ სველ ფეხებს ითბობს...
მთვარეს მისდევენ მშიერი მგლები...
მთვარემ არაგვში შეასწროთ თითქოს...

ისე მაკლიხარ, ისე მომწყურდი -
ლამის არაგვის შევსვა პეშვებით.
ერთი ხევიდან ძლივს ამოსული,
უფრო უარეს ხევში ვეშვები.


კაცი არა ჩანს , რომ რამე ვკითხო.
გარინდულ კლდეებს ვესაუბრები.
და აი, ცაში ავედი თითქოს
და ბატკნებივით დაფრთხნენ ღრუბლები.

1951.

***
მზად ვარ გისმინო და გემსახურო


მზად ვარ გისმინო და გემსახურო.
ქარში იშლება დეკემბრის თოვლი
და მღერის შენი მძიმე საყურე,
გაბრუებული დეკემბრის თოვლით.

(მე ალბათ დიდხანს მექნება ვალი,
მაგრამ ვიქნები სულ მხიარული.
ეს გაუმარჯოს შენს ეშმაკ თვალებს
და სარკეებში ნასწავლ სიარულს).

სარკმელში ისევ თოვლი ირევა
და ჰყვება თავის უბრალო ამბავს.
და სკამზე, როგორც ნანადირევი, 
ჰკიდია შენი ლამაზი კაბა.


***
 გარეთ ისევ წვიმს და ჯერ ადრეა


გარეთ ისევ წვიმს და ჯერ ადრეა,
გარეთ ისევ წვიმს და სულ იწვიმებს,
მე ვგრძნობ რომ მცივა და მენატრები
მაგრამ ვარ გხედავ,როგორც სიცივეს!
გარეთ კი წვიმითსველი აბრები
აშიშინებენ შერჩენილ სიცხეს,
მე აღარ მინდა,რომ სხვებს დაბრალდეს ჩემი სიჩუმე
და ხმაურს ვიწყებ....
გათავდა! აღარ ჩამოგეხსნები,
არ მახსოვს ვის რა ვუთხარი გუშინ
და ვაფათურებ სიცხიან ლექსებს
შენს თმებზე,მხრებზე,მუხლებზე...სულში...
ნარბენი კაცის გულივით ფეთქავს
საათიც,ქუჩაც,ფოთოლიც,წვეთიც...
შენ ხარ-აქამდე რაც უნდა მეთქვა,
შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი!


    ვწევარ და ვუსმენ. ქარია გარეთ


ვწევარ და ვუსმენ. ქარია გარეთ. 
მე ბნელ ოთახში ვწევარ და ვუსმენ:
გრძელ თმებში ტოტებგაჩრილი ქარი
კედელზე როგორ აჭედებს ლურსმნებს.

სად გაქრა შენი ფერკმთალი სახე,
სუნთქვა სიჩუმის და ფოთოლცვენის,
ან ის სიზმრები, ერთად რომ ვნახეთ,
აუხდენელი სიზმრები ჩვენი.

ახლა მჭირდები... შენ არც კი იცი,
შენ ვერც იფიქრებ, როგორ მჭირდები...
შეეძლო მარტო შენს ბავშვურ სიცილს 
გაევსო სახლი მზით და ჩიტებით.

სად გაქრი... საით გაყევი ქუჩებს...
სად დაგავიწყდი... სად ვიყავ მაშინ...
ან იქნებ ვინმეს მოუნდა უცებ,
ჩემი ყვირილი გაიგოს ქარში.

საბრალო სული! დე, იყოს ასე!
მე არ მრცხვენია ვნებები ჩემი,
მე ყოველ ღამეს - შენი ხმით სავსეს -
ვხვდები ცახცახით და გულისცემით.

მაგრამ შენ სად ხარ... ქარია გარეთ,
ისევ ქარია და ისევ ვუსმენ:
გრძელ თმებში ტოტებგაჩრილი ქარი
კედლებზე როგორ აჭედებს ლურსმნებს.

No comments:

Post a Comment