Wednesday, April 18, 2012

ოთარ ჭილაძე ("...ვერ მივაჭედე სულს სახელური, რომ გამოაღოს ყველამ კარივით...")

რაც დასახარჯი არსებობს – ვხარჯავ,
რაც სანახავი არსებობს- ვნახე.
და სანამ ქარი მისინჯავს მაჯას,
მიშვერილი მაქვს წვიმისთვის სახე.

ვერ დავარბიე ჩემში ველური,
კანდაშაშრული მზით და მარილით,
ვერ მივაჭედე სულს სახელური,
რომ გამოაღოს ყველამ კარივით.

ყველა ზეიმზე დავიგვიანე,
ყველაზე ადრე მოსულმა დღემდე.
არც მდიდარი ვარ და არც ჭკვიანი,
მაინც ვერავინ ვერ ცხოვრობს ჩემდენს.

მე ყველა სიტყვის წარმოთქმა მტანჯავს,
თვალს ყოველ დილით ტკივილით ვახელ
და სანამ ქარი მისინჯავს მაჯას,
მიშვერილი მაქვს წვიმისთვის სახე.
1968


/ყველა ტკივილი იძინებს ბოლოს/


ყველა ტკივილი იძინებს ბოლოს, 
მაგრამ მე მაინც მინდოდა მეთქვა, 
რომ დღემდე შენით ვცხოვრობდი მხოლოდ, 
შენ იყავ სუნთქვაც და გულის ფეთქვაც. 

გადიან წლები და ფიქრით დაღლილს 
გადაუხდელი მრჩება ვალები 
და მეკარგება მშობლების სახლი: 
აუტანელი და საყვარელი. 

მე არ ვკითხულობ, რად მოხდა ასე,
ან რად შემჯავრდა, რაც ადრე ვწერე,
ან რად დავკარგე შენს თვალში ფასი
ამდენი ცდის და წვალების მერე.

ალბათ ასეა ცხოვრების წესი,
მკაცრი სიმართლით პირამდე სავსე,
და ამ სიმართლით ივსება ლექსიც,
რომ ხვალ მეხივით დამატყდეს თავზე.


მაგრამ ჯერ უნდა მოვიდეს თოვლი 
და გადმოფინოს თეთრი აფრები 
და შენი ნაზი სხეულის თრთოლვით 
ათრთოლდეს თოვლიც და ყველაფერი. 

მე ვაღებ სარკმელს და ჭადრებს ვითვლი, 
ჭადრებს გაქცევა შეეძლოთ თითქოს. 
და კვლავ მზადა ვარ უარეს დღისთვის, 
თუმცა უკეთეს დღეებზე ვფიქრობ. 

1961 

1 comment:

  1. "მე კი ვნატრობდი, რომ სანატრელი
    არ ამხდენოდა სხვისი წყალობით"

    ReplyDelete