Sunday, April 1, 2012

თიხის სამი ფირფიტა


რაც უნდა მოხდეს დიდი ხნის მერე,
ბევრჯერ მომხდარა დიდი ხნის წინათ
და ქვებზე ჩუმად გროვდება მტვერი
და ჩასაფრებულ თვალივით ბრწყინავს.
მაინც არავინ არ გარბის არსად,
ცხოვრებას ყველა თავიდან იწყებს
და თიხის დიდი თოჯინის მსგავსად,
ქალაქი ხელში უჭირავს სიცხეს.
რა უბრალოა ადამიანი!
რა ცოტა ჰყოფნის, რომ იქცეს მიწად
და რა უმწეო ხმებით შრიალებს
რასაც სიცოცხლეს არქმევს და იცავს.
ხვალ შეიძლება განახლდეს ისევ,
რაც დღეს საოცრად ძველია უკვე
და ისევ გახდეს სიცოცხლის ღირსი
და გაახილოს თვალები უკეთ.
მაგრამ ყველაზე ვრცელდება თურმე,
თურმე სიკვდილი მოგველის ყველას,
რომელიც უკან მოგვყვება ურმით
და გამოფიტულ თვალებით გვზვერავს.
ვინ იცის ისიც სცოდავდა იქნებ
ყველა მოგონილ ღმერთის წინაშე
და სულ ამაოდ მისდევდა ფიქრებს,
ვით დასიცხული კაცი მირაჟებს.
იქნება სცოდავ როდესაც ცდილობ
განდევნო შენგან სიკვდილის შიში,
ან როცა ბედი გარგუნებს წილად
დაიცვა შენი მოდგმა თუ ჯიში.
ახლა კი ჩრდილი და მხოლოდ ჩრდილი,
ოდესღაც ჯანით განთქმულ სხეულის
ყოველ საღამოს და ყოველ დილას
ცისკენ მიფრინავს ლოცვად ქცეული.
მას ურჩევნია გულზე ეყაროს
და არა ფეხქვეშ ურუქის ქვები
და ისევ ქვეყნად დარჩეს ქვეყანა,
ჯიუტი კაცის თუ ღმერთის ნებით.

თურმე არავის არა აქვს ნება,
იცქიროს უცხო ფარდების იქით,
აწონ-დაწონოს ვიღაცის ვნება,
ფანქრით ასწოროს ვიღაცის ფიქრი.
იზრდება სიცხე და ჩრდილის ფასი,
მაგრამ ცოტაა ჩრდილის მარაგი
და თიხის დიდი თოჯინის მსგავსად,
ხელში უჭირვს სიცხეს ქალაქი.
და შეუმჩნევლად გაქრება შიშიც,
რმოელიც მოყვა თიხის ფირფიტას
შენ აღმოჩნდები სანატრელ ჩრდილში,
გონებას განგებ გამოიფიტავ.
თუმცა არავის არა აქვს ნება
თუნდაც ცოტა ხნით მოხუჭოს თვალი
და აკივლებულ ფიქრსა და ვნებებს
ხმა ჩაუწიოს, და ჩაკლას ძალით.
ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას.
უბრალო იყოს, ვით მწყემსის დანა,
უფრო უბრალი ვიდრე მარილი,
სულში კი მთელი სიმძიმით წვანან
დღეები უკვე გადატანილი.
წვანან ჩაძირულ გემის ფიცრები...
წვანან ჩაძირულ გემის აფრები...
მაგრამ სიკვდილის წინ შეიძლება,
რომ ერთი სიტყვით თქვა ყველაფერი.
რაც უნდა მოხდეს დიდი ხნის მერე,
ბევრჯერ მომხდარა დიდი ხნის წინათ
და უკვე ყოფილ ხმებსა და ფერებს
უნდათ თუ არა მიწაში სძინავთ.
არ უნდა მოხდეს დიდი ხნის მერეც
ის, რაც მომხდარა დიდი ხნის წინათ
რადგან უთვალავ ხმებსა და ფერებს
ჯერ კიდევ მიწის წიაღში სძინავთ

სიჩუმე ზოგჯერ სისუსტეს უდრის
და შენც გახსენი შენი ფიქრები,
რომ პატიოსნად, დიდხანს და მყუდროდ
იცხოვრო, როცა აღარ იქნები
 

ოთარ ჭილაძე, გალაკტიონ ტაბიძეს

ქუჩებში წვიმდა. მე ვიყავ მარტო.
ვუსმენდი წვიმას და თუთუნს ვწევდი.
და ოთხკედელში მოქცეულ ფართობს
წვიმა ავსებდა საკუთარ სევდით,
მე ჩემი მქონდა და მსურდა მშვიდად
მეძებნა ჩემი სევდის მიზეზი,
მაგრამ ვიღაცა სახურავს მხიდიდა
და ჩამდიოდა წვიმა კისერში.
მე ვფხიზლდებოდაი და დიდი ბაღი
ბრწყინავდა წვიმის ყალბი მძივებით.
ბრწყინავდა კუბოც, რომელსაც ხალხი
ნელა მისდევდა, როგორც იმედი.
მე აღარ მახსოვს, რა მოხდ ადრე,
ან ჩემს სიყვარულს ვის ვაძალებდი,
მე მახსოვს მხოლოდ, რომ ბებერ ჭადრებ
ეკიდა წვიმის მძიმე ზარები.
და გარეუბნის ნაცრისფერ ღრუბლებს
შეშფოთებული უცქერდა ხალხი,
უცქერდა ჩუმად და სველი კუბო
მიჰქონდა, როგორც ჩამქრალი ჭაღი.
ქუჩებში წვიმადა და წვიმის წვეთებს
არ აწუხებდათ ცოცხლების ხვედრი.
და ყველაფერი მოჩანდა მკვეთრად
წვიმით გაჭღენთილ სიკვდილის გვერდით

ოთარ ჭილაძე, "ბავშვი უკრავდა"

ბავშვი უკრავდა სტუმრების თხოვნით,
უცახცახებდა პატარა მხრები.
გარეთ კი თვითონ ბუნების ნებით,
თავგანწირულად დნებოდა თოვლი.

ჩნდებოდა მიწა, სველი და შავი,
როგორც დაწრეტილ მდინარეს ფსკერი.
და ხეებს, თუმცა არ ედოთ ფერი,
მაინც ამაყად ეჭირათ თავი.

ბავშვი უკრავდა სტუმრების თხოვნით,
ხოლო მუსიკა, ქარივით ლაღი,
ჭაღს აწყდებოდა და დიდი ჭაღიც
თრთოდა მუსიკის უცნაურ თრთოლვით.

ირგვლივ უძრავად ისხდნენ სტუმრები,
და სტუმრებისთვის უხილავ ცაში
მსუბუქი ფრთებით მიქროდა ბავშვი
და სხეულს ვეღარ გრძნობდა სრულებით.

გამომიტანა ბუნებამ მსჯავრი

გამომიტანა ბუნებამ მსჯავრი :
სულზე ბორკილად მადევს ასაკი 
და მაინც შენი ეტლის ვარ მგზავრი, 
თუ გნებავს - შენი გზის ავაზაკი. 
მე შენსკენ დიდხანს მოვქონდი ტალღას, 
ვით უგრძნობელი ნივთი, საგანი... 
და შენი ყველა ცოდვა ვარ ახლა 
და არა ერთი იმათთაგანი. 
ვერ ჩამოვჯდები სიბერის ქოხთან, 
თუმცა, რას ვეძებ, თვითონ არ ვიცი. 
რაც დღემდე მოხდა, თავისით მოხდა, 
რაც დღემდე ითქვა, ითქვა თავისით. 
და ვიდრე შენსკენ მოვქონდი ტალღას, 
შემთხვევის მონა და ბედის ურჩი, 
წლები ზრიალით გაფრინდნენ მაღლა, 
ვით ნამსხვრევები ყამარის ჭურჭლის. 
მათ აღასრულეს ბუნების მსჯავრი, 
ხუნდად დამადეს სულზე ასაკი... 
და მაინც შენი ეტლის ვარ მგზავრი 
და მაინც - შენი გზის ავაზაკი. 

ოთარ ჭილაძე, "სიზმარი"


გამოჩნდა მიწა. შენთან ვარ თითქმის.
იღვიძებს მიწა და პერანგს იცვამს.
ეს ხომ თოვლია. მე წუთებს ვითვლი.
ნათურებს ანთებს და მორბის მიწა.
ოღონდ შენთანაც სინათლე ენთოს 
და ყველა სასჯელს უხმოდ ავიტან.
და აი, უკვე შენთან ვარ, ღმერთო,
ეს შენი ხმაა- როგორ? საიდან?
ამოდის მთვარე და ცალი თვალით
ჩემს ხელებს ზვერავს ჩუმად და მკაცრად,
მე კი ოთახში შემომყავს ძალით
და თავქვეშ გიდებ ბალიშის ნაცვლად.

ოთარ ჭილაძე, ჯაჭვის ხიდი

ჯაჭვის ხიდი, ჩვენი ხიდი,
ჯაჭვი რაჭა-იმერეთის,
ზედ სიცოცხლე ცეკვით მიდის
ბალღობიდან – სიბერემდის.
მის ქვეშ ახლა მეტივეთა
მეტივური აღარ ისმის,
ნეტავ ლექსიც მეტი მეთქვა
მეტივეთა საკადრისი.
ამ ხიდიდან გავჩნდებოდი
ათი კაცის საფარავში,
რიონს ზურგზე ვახტებოდი,
როგორც ლურჯას ფაფარაშლილს.
წლები მდორედ არ წამსვლია
და ვერც ახლა გავხდი დინჯი.
წყალს ვტაცებდი აბაზიანს,
ვით მყვინთავი ზანგის ბიჭი.
ვიღაც მიხმობს, გადახტიო,
- წყალი როგორც გაკრთობს, კაცო!
გადახტიო, ყაჩაღ რიონს
რომ ბალღობაც გამოსტაცო.
ჯაჭვის ხიდი, ჩვენი ხიდი,
ჯაჭვი რაჭა-იმერეთის,
ზედ სიცოცხლე ცეკვით მიდის
ბალღობიდან – სიბერემდის.

რაც არ ყოფილა, ის არც იქნება


რაც არ ყოფილა, ის არც იქნება,
მაგრამ რაც იყო, იქნება კვლავაც:
გზა გაიხსნება, ან შეიკვრება,
მომსვლელი მოვა, წამსვლელი წავა…
მეც წავალ, ოღონდ ცოტაც მადროვეთ,
ბარემ შევავსო ბოლო ფურცელიც
და ამოვწურო ეს სიმარტოვე,
ეს ფორიაქი ამოუხსნელი.
გაუფასურდა, ჩაბარდა წარსულს,
რითაც დროს ვკლავდი და თავს ვირთობდი.
მე კი სხვაგვარად ცხოვრება არ მსურს -
კარგად იყავით. მადლობთ. მშვიდობით.

ქუჩებში წვიმდა. მე ვიყავ მარტო


ქუჩებში წვიმდა. მე ვიყავ მარტო.
ვუსმენდი წვიმას და თუთუნს ვწევდი.
და ოთხკედელში მოქცეულ ფართობს
წვიმა ავსებდა საკუთარ სევდით,
მე ჩემი მქონდა და მსურდა მშვიდად
მეძებნა ჩემი სევდის მიზეზი,
მაგრამ ვიღაცა სახურავს მხიდიდა
და ჩამდიოდა წვიმა კისერში.
მე ვფხიზლდებოდი და დიდი ბაღი
ბრწყინავდა წვიმის ყალბი მძივებით.
ბრწყინავდა კუბოც, რომელსაც ხალხი
ნელა მისდევდა, როგორც იმედი.
მე აღარ მახსოვს, რა მოხდ ადრე,
ან ჩემს სიყვარულს ვის ვაძალებდი,
მე მახსოვს მხოლოდ, რომ ბებერ ჭადრებს
ეკიდა წვიმის მძიმე ზარები.
და გარეუბნის ნაცრისფერ ღრუბლებს
შეშფოთებული უცქერდა ხალხი,
უცქერდა ჩუმად და სველი კუბო
მიჰქონდა, როგორც ჩამქრალი ჭაღი.
ქუჩებში წვიმადა და წვიმის წვეთებს
არ აწუხებდათ ცოცხლების ხვედრი.
და ყველაფერი მოჩანდა მკვეთრად
წვიმით გაჭღენთილ სიკვდილის გვერდით.

ოთარ ჭილაძე, "შემოდგომის პირველი დღე"



დიდი ხნის მერე: დღისით ან ღამით,
სულ ერთი წუთით ან ერთი წამით,
გაგვახსენდება მთელი სიცხადით,
რასაც ვაქებდით ანდა ვკიცხავდით.
წამოგვეწევა ჩამქრალ კოცონთან,
რაც არ მოგვწონდა ანდა მოგვწონდა,
რასაც ვეძებდით ანდა ვკარგავდით
და რასაც ვგავდით ანდა არ ვგავდით.
მე მეშინია იმ ერთი წამის,
იმ ერთი წვეთი თაფლის თუ შხამის,
მაგრამ ცხოვრება, შლეგიც და მშვიდიც,
ჯერ ისევ მიდის, მიდის და მიდის…
1963

მზად ვარ გისმინო და გემსახურო


* * *
მზად ვარ გისმინო და გემსახურო.
ქარში იშლება დეკემბრის თოვლი
და მღერის შენი მძიმე საყურე,
გაბრუებული დეკემბრის თოვლით.
(მე ალბათ დიდხანს მექნება ვალი,
მაგრამ ვიქნები სულ მხიარული.
ეს გაუმარჯოს შენს ეშმაკ თვალებს
და სარკეებში ნასწავლ სიარულს).
სარკმელში ისევ თოვლი ირევა
და ყვება თავის უბრალო ამბავს.
და სკამზე, როგორც ნანადირევი,
კიდია შენი ლამაზი კაბა.
1957

მარინა! მაგრამ როგორ გაიგებ


* * *
მარინა! მაგრამ როგორ გაიგებ:
ჩვენს შორის მთელი წელია უკვე.
ქუჩებში ქარი დგას და არიგებს
უჩინარ ეჟვნებს, ზარებს და ბუკებს.
აქ იყო თოვლი და როგორც ვალი
ჩემს მხრებზე იწვა მთელი სიმძიმით
და შეუმჩნევლად მიღლიდა თვალებს
თეთრი სანთლების ცივი ციმციმი.
ყოველდღე თოვდა და თოვლი ქუჩებს
იმედებივით ართმევდა ფერებს
და ყველაფერი გადაწყდა უცებ,
სულ უმნიშვნელო ყოყმანის მერე.
ის თოვლი ჰგავდა დაქანცულ ლტოლვილს
და სიბერეზე გადაკრულ სიტყვას.
ძალიან დიდხანს გაგრძელდა თოვლი,
ძალიან დიდხანს, ძალიან დიდხანს.
მარინა! მაგრამ შორს იყავ მაშინ
და დილით, როცა ფანჯრებს ვაღებდი,
მოჩანდა, როგორ მოჰქონდათ ბავშვებს
თოვლის ბრჭყვიალა ბაირაღები.
ძალიან ბევრი, ძალიან ბევრი
ბაირაღები მოჰქონდათ ბავშვებს.
მე კიდევ მთვლიდნენ ოჯახის წევრად,
მე კი ქუჩებში ვეძებდი საშველს.
და თოვლს მიჰყავდა ყინვის აღვირით
ჩვენი ქუჩები, როგორც ცხენები.
მარინა! შენი ძებნით დაღლილი
ვწვებოდი თოვლში და გიხსენებდი.
მარინა! მაგრამ როგორ გაიგებ:
ჩვენს შორის მთელი წელია უკვე.
ქუჩებში ქარი დგას და არიგებს
უჩინარ ეჟვნებს, ზარებს და ბუკებს.
1960

ოთარ ჭილაძე


* * *
მე ჩემს საყვარელ სიზმრებად ვთვლიდი
ცაში თანდათან გამქრალ მავთულებს,
გადაქანებულ სვეტებს და ხიდებს,
ნათურებს მკრთალებს და გაფანტულებს.
დღეს კი იფეთქებს შენი სახელი.
მე დილიდანვე ვგრძნობ და მოველი,
როდის იფეთქებს შენი სახელი,
ძლივს მიგნებული და მოგროვილი.
მე მის ნამტვრევებს ავკრიფავ ქარში
და მტვერს და მიწას გადავაშორებ
და დავურიგებ მეზობელ ბავშვებს,
როგორც ბრჭყვიალა სათამაშოებს.
დაიტაცებენ ბავშვები უცებ,
ყაჩაღებივით დაიტაცებენ
და ქარზე უმალ მოსდებენ ქუჩებს
ჩემს ძველ ტკივილებს და აღტაცებებს.
ბნელში იცინის კიოსკის მინა.
ირხევა ტოტი და ტოტის ჩრდილი.
ქალაქს კი სძინავს, სძინავს და ბრწყინავს
მთლად გაჟღენთილი წვიმით და ძილით.
და მავთულებზე შერჩენილ წვეთებს
აღარაფერი აღარ აშინებთ.
მე ვაღებ კარებს და ისევ ვკეტავ
და მერე ისევ ვაღებ მაშინვე.
1960

გულის მეორე მხარე

* * *
მინდორში ვდგავარ და ქორებს ვუსტვენ,
მხოლოდ იმიტომ, რომ დაგენახვო,
ზედაზნის ნისლო, ნაზო და სუსტო,
მდინარის თვალო, ტყევ და ვენახო.
მთაზე უბელო ცხენს მივაჭენებ,
რომ მოგაწონო თავი, ბებერო.
და თუ არ ვიცი, თვითონ მაჩვენე,
როგორ შეგხედო და მოგეფერო.
მე იქნებ ვჩქარობ და სიჩქარეში,
რაც დღეს მეკუთვნის, იმასაც ვკარგავ,
მაგრამ მე ვიცი, რომ თქვენს გარეშე
ვერასდროს ვეღარ ვიქნები კარგად.
1960

ოთარ ჭილაძე


* * *
ვეღარ განკურნავს ჩემს ბებრულ წუხილს
დუმილი ცაცხვის, ფიჭვის თუ მუხის…
ღმერთმა შეარგოს და მიუტევოს,
ვისაც ულხინდა და ახლაც ულხინს.
ცოტაც და, ბნელი სიცივე მწუხრის
წერტილს დაუსვამს ვნებათა დუღილს…
მეც ამ დიდებულ წამს ველოდები,
ვით გაზაფხულის ელვას და ქუხილს.
2006

ოთარ ჭილაძე


* * *
აღსასრულისკენ სამყარო მიქრის,
ვით პატრონმკვდარი ველზე ქურანი…
ღმერთო, მასწავლე მოთოკვა ფიქრის,
ანდა წამართვი ფიქრის უნარი.
ფიქრისგან ფიქრი ჩნდება, ჭავლივით.
არ წყდება მტანჯველ ფიქრთა ნაკადი,
თითქოს ათასჯერ უკვე ჩავლილი
და ვერჩავლილი მაინც აქამდის.
გზა კი იგივე რჩება მიზნამდი
და ახლა გულშიც ვერ მითქვამს შიშით:
ფიქრი მაწრთობდა ცხოვრებისათვის,
თუ დავემალე ცხოვრებას ფიქრში…
2007

ოთარ ჭილაძე, ჭრილობაში ჩარჩენილი ტყვია



* * *
რაც არ ყოფილა, ის არც იქნება,
მაგრამ რაც იყო, იქნება კვლავაც:
გზა გაიხსნება, ან შეიკვრება,
მომსვლელი მოვა, წამსვლელი წავა…
მეც წავალ, ოღონდ ცოტაც მადროვეთ,
ბარემ შევავსო ბოლო ფურცელიც
და ამოვწურო ეს სიმარტოვე,
ეს ფორიაქი ამოუხსნელი.
გაუფასურდა, ჩაბარდა წარსულს,
რითაც დროს ვკლავდი და თავს ვირთობდი.
მე კი სხვაგვარად ცხოვრება არ მსურს -
კარგად იყავით. მადლობთ. მშვიდობით.
2007

ოთარ ჭილაძე

*** 
ვწევარ და ვუსმენ. ქარია გარეთ. 
მე ბნელ ოთახში ვწევარ და ვუსმენ: 
გრძელ თმებში ტოტებგაჩრილი ქარი 
კედლებზე როგორ აჭედებს ლურსმნებს. 
სად გაქრა შენი ფერმკრთალი სახე, 
სუნთქვა სიჩუმის და ფოთოლცვენის, 
ან ის სიზმრები, ერთად რომ ვნახეთ, 
აუხდენელი სიზმრები ჩვენი. 
ახლა მჭირდები…. შენ არც კი იცი, 
შენ ვერც იფიქრებ, როგორ მჭირდები…. 
შეეძლო მარტო შენს ბავშვურ სიცილს 
გაევსო სახლი მზით და ჩიტებით. 
სად გაქრი…. საით გაჰყევი ქუჩებს…. 
სად დაგავიწყდი… სად ვიყავ მაშინ…. 
ან იქნებ ვინმეს მოუნდა უცებ, 
ჩემი ყვირილი გაიგოს ქარში. 
საბრალო სული! დე, იყოს ასე! 
მე არ მრცხვენია ვნებები ჩემი, 
მე ყოველ ღამეს-შენი ხმით სავსეს- 
ვხვდები ცხცახით და გულისცემით. 
მაგრამ შენ სად ხარ… ქარია გარეთ, 
ისევ ქარია და ისევ ვიუსმენ: 
გრძელ თმებში ტოტებგაჩრილი ქარი 
კედლებზე როგორ აჭედებს ლურსმნებს.

ოთარ ჭილაძე "ვშორდებით, ყოველ წუთას ვშორდებით…"

ვშორდებით. ყოველ წუთას ვშორდებით…
 და აკრძალული სევდის ტოტებით
 ერთმანეთს ვუმტვრევთ სულის დარაბებს. 
თუმცა, არ შერჩა აზრი არაფერს. 
არც ერთგულებას და არც მოლოდინს, 
რადგან გმირებად დავრჩით ბოლომდის
 და ვერც შევიტყვეთ რომ გვექცა მხარი.
 რომ სული ვგვემეთ და არა ლეში
 და ის სიწმინდე ჩავკალით ჩვენში 
რითაც მდიდარი იყო და არის… ადამიანი….